დავათის სტელასა და ნეკრესის წარწერების კომპლექსური

Posted: February 26, 2012 in History

(ანალიზი)

,,აღდგენა ისტორიისა ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამოკვლევაა სიძნელისაგან” _  ილია ჭავჭავაძე

ისტორიის აღდგენა-რეკონსტრუქცია მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ისტორიული მეცნიერების დიდი განვითარების მიუხედავად, ბევრი კარდინალური საკითხის შესახებ ახლაც მხოლოდ რეტროსპექტულად, ირიბი მონაცემებით ვმსჯელობთ. ზოგიერთი ისტორიული ფაქტი ასეული წლების კვლევა-ძიებას მოითხოვს, ზოგჯერ კი ერთი ქვის ამოგორებაც საკმარისია, რომ საუკუნეობით მიმალული საიდუმლო გაცხადდეს. სწორედ ამგვარი იღბლიანი გამონათება იყო მეცნიერთათვის 1984 წელი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ორ გეოგრაფიულ პუნქტში (ნეკრესში და დუშეთში) აღმოჩნდა უძვირფასესი ინფორმაციის მომცემი ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელთაც ბევრი რამ აქვთ საერთო (პირველ რიგში კი, სტელებზე შემონახული მეცნიერული ინფორმაციის შინაარსი), თუმცა მათი კომპლექსური ანალიზი არავის უცდია. არადა, ხშირ შემთხვევაში უთარიღო ძეგლთა დათარიღება სწორედ ანალოგიების მიხედვით წარმოებს. მეტი სიცხადისათვის ნარკვევის პირველ ნაწილში სქემატურად გიჩვენებთ ამ ძეგლთა ჩვენთვის საყურადღებო ფრაგმენტების აღწერილობას.

ქალაქ ნეკრესის (ისტორიული ჰერეთის და შემდეგ კი ისტორიული კახეთის ერთერთი საყურადღებო პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ცენტრი) ნაქალაქარზე 1984 წლიდან წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, საყურადღებო ხუროთმოძღვრულ ნაგებობათა ნაშთებთან ერთად, ძველი ქართული ლაპიდარული წარწერების ფრაგმენტებიც გამოავლინა (შესრულებული ასომთავრული დაწერილობით). ამ აღმოჩენას თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სპეციალურ ლიტერატურასა და პრესაში (. კახიძე, . ლომსაძე, . ჭუმბურიძე, . პატარიძე). თავად არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს, ლევან ჭილაშვილს, თუ ვერწმუნებით, ამ წარწერებს დღემდე მიკვლეულ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან შედარებით უძველესად აღიარების პრეტენზია აქვთ. ლევან ჭილაშვილი მათ შექმნას ერთ რომელიმე ვიწრო ქრონოლოგიურ ჭრილში არ ვარაუდობს. წარწერათა თარიღის დასადგენად მკვლევარი უპირატესად სტრატიგრაფიულ ფენებსა და თანმხლებ არქეოლოგიურ მასალებს ეყრდნობა.  ეს მასალა კერამიკაა, რომლის შრეებად წარმოდგენა ვერ ხერხდება და დათარიღება ანალოგიების მიხედვით წარმოებს, აქ არის IV და V სს-ით დათარიღებული ნაწარმის ანალოგიები . ჭილაშვილის აზრით, [1]. თუმცა, ამ კერამიკული მასალის თარიღის განსაზღვრაში ერთიანი აზრი არ არსებობს და თავად . ჭილაშვილის თქმით, მცდარობა რამდენიმე საუკუნეს მოიცავს [1]. ჭილაშვილისეულ დათარიღებას (ჯერ IV ის I ნახევრით, შემდგომ კი წინაქრისტიანული პერიოდით) სარწმუნოება უფრო აკლდება, როცა სასახლე-დარბაზის მშენებლობას მეცნიერი თავდაპირველად IV -ის მეორე ნახევარში ათავსებს, შემდეგ კი I-II სს-დან IV -მდე არსებული პერიოდით განსაზღვრავს. რატომ განიცადა ასეთი მკვეთრი მეტამორფოზა არქეოლოგიური მონაპოვრებით კარგად დადგენილმა პირველმა დასკვნამ? სწორედ ეს გახდა სკეპტიციზმის საფუძველი მეცნიერთათვის. ნეკრესის კომპლექსის შემდგომი შესწავლა კი კვლავ გაგრძელდა და საბოლოოდ, დასკვნა სენსაციური აღმოჩნდა: ,,ნეკრესისა და რუსთავის წარწერებმა ქართული ანბანის შექმნის ისტორია შვიდირვა საუკუნით დააძველა და მართალია არასრულად, მაგრამ საკმაო დამაჯერებლობით გვიჩვენა მისი ორიგინალური სახე” [2]. . ჭილაშვილის მტკიცებით, ნეკრესში და რუსთავში აღმოჩენილი წარწერები წარმართობისას შექმნილი ანბანითაა შესრულებული.

ვფიქრობთ, . ჭილაშვილის საკმაოდ ძნელი და საპატიო კვლევა-ძიება, თავისი ნაკლითა და უარყოფითი მხარეებით, მაინც არ უნდა ჩაითვალოს მიუღებლად. შეიძლება ის არ არის სრულყოფილად არგუმენტირებული, მაგრამ ჰიპოთეზაა და არსებობის უფლებაც აქვს. მისი ვარაუდი ნეკრესის ნაქალაქარის ასომთავრული წარწერების წინაქრისტიანულ ხანაში შექმნის შესახებ იმ თვალსაზეისის მართებულობას აღიარებს, რომ ქართული ასომთავრული ანბანი წინაქრისტიანულ ეპოქაში, ე.ი. IV საუკუნემდელ პერიოდში შეიქმნა. ეს კი ქართული სამწერლობო ენის ისტორიაში არსებითად გადაუწყვეტელ საკითხთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

აზრთა სხვადასხვაობაა არა მარტო ქართული ანბანის შექმნის დროის განსაზღვაში (ივ. ჯავახიშვილი, . კეკელიძე, . ინგოროყვა, . წერეთელი, . ალექსიძე, . პატარიძე, . გამყრელიძე, . გარდჰაუზენი, . მაჭავარიანი, . ხინთიბიძე), არამედ იმაშიც, რომ მრგლოვანით იწყება თუ არა ქართული დამწერლობის ისტორია. . შანიძის აზრს, რომ პირველად შეიქმნა ის ძველი ანბანი, რომელიც ასომთავრულის სახელით არის ცნობილი, უპირისპირდება ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ მრგვლოვანს წინ უსწრებდა ორი დიდი საფეხური ქართული დამწერლობისა ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა IX ტომში (1996.) ვკითხულობთ, რომ მრგვლოვანი დამწერლობა მისი კუთხოვანი წინაპარი დამწერლობიდან მოდის და ის არ არის ქართულად შექმნილი პირველი ანბანი. მრგლოვანის გრაფემათა გრაფიკული ანალიზის შემდგომ . შავიშვილი ადასტურებს ივ. ჯავახიშვილის მოსაზრების სისწორეს და დაასკვნის, რომ ,,მრგვლოვანი წარმოადგენს ისეთსავე გარდამავალ საფეხურს კუთხოვანიდან მრგვალ დამწერლობაზე გადასვლისა, როგორც ნუსხურიმრგვლოვანს გავლილი აქვს განვითარების საკმაოდ გრძელი გზა, არ არის ამსახველი ქართული დამწერლობის თავდაპირველი ეტაპისა, ის მიღებული ჩანს კუთხოვანი დამწერლობიდან…” [3].

ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის (ქართული ანბანის წარმოშობის დრო და ქართული ანბანის პირველსახე) გასარკვევად, მიზნად ვისახავთ დავათის სტელას წარწერის პალეოგრაფიულ ანალიზს ნეკრესის წარწერებთან მიმართებაში, რაც ერთგვარი ცდაა მათი უფრო ვიწრო ქრონოლოგიურ ჭრილში დათარიღებისა.

თუ ნეკრესის წარწერები ქართული ანბანის შექმნის თარიღსა და პირველსახეს პალეოგრაფიული, ენობრივი, არქეოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მასალების კომპლექსური ანალიზის შედეგად განსაზღვრავს, დავათის სტელა  პირდაპირ აცხადებს ამ ინფორმაციას.

ისევე, როგორც ნეკრესის წარწერები, დავათის სტელაც 1984 წლამდე ადამიანის თვალისა და ხელისათვის მიუწვდომელი იყო, თუმცა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მზვერავმა რაზმმა ჯერ კიდევ 1980 წელს აღნუსხა სოფელ დავათის (არაგვის მარცხენა შენაკად აბანოსხევის სათავესთან, ისტორიული ნიკორნის ხევში მდებარეობს ერწოსაკენ მიმავალ გზაზე) ღვთისმშობლის ეკლესიიის კედელში ჩაშენებული სტელები, რომლებიც უფრო ადრინდელი ჩანდა. 1984 წელს ნანგრევთა წყობიდან დარჩენილი სტელები ამოიღეს და იმ 12 წახნაგზე, წინათ ხილული რომ არ იყო, ნახეს წარწერები (ექსპედიციის ხელმძღვანელი _ რამინ რამიშვილი). ჩვენთვის საყურადღებო სტელები, როგორც ჩანს, უკვე უპატრონო და ფუნქციამოშლილი, ამ VIII-X სს-ით დათარიღებული ეკლესიის ბურჯში ქტიტორებს ჩაუსვამთ მხოლოდ და მხოლოდ საშენი მასალის დანიშნულებით. არადა, როგორც დღეს უკვე გარკვეულია, ამ სტელების ფრაგმენტები ადრეშუასაუკუნეების ქართული ხელოვნების საყურადღებო ნიმუშებია [4]. ჯერ ერთი, დავათის სტელათა რელიეფური კომპოზიციის მხატვრულ-ისტორიული ღირებულებაა აღსანიშნავი ადრეული შუასაუკუნეების სახვითი ხელოვნების ძეგლთა სიმცირის ფონზე. ,,ამ სტელის რელიეფური დეკორი საგანგებო ყურადღებას იმსახურებს, რადგან გვაძლევს დეკორატიული სქემის თავისებურ მაგალითს და უაღრესად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ადრეფეოდალური საქართველოს სულიერი და სოციალური ცხოვრების ზოგიერთ მხარეზე” [5]. ეკლესიის ბურჯის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩაშენებული ამ სტელას ერთი წახნაგი ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს, მეორე კი მცენარეული ორნამენტის გამოსახულებას გვიჩვენებს. სწორედ ამ სტელას ერთ-ერთი, 1984 წლამდე უჩინარი წახნაგი შეიცავს იმ ძვირფას ინფორმაციას, ქართული ანბანის, ქართული დამწერლობის შექმნისა და პირველსახის აქამდე გადაუწყვეტელ საკითხს რომ ჰფენს ნათელს. აღნიშნული წახნაგის ზედა ფრიზი ამაღლების, ანუ განდიდების იკონოგრაფიულ თემას ეძღვნება: ფეხზე მდგარი ორი მთავარანგელოზი _ მიქაელ და გაბრიელ _ დიდების შარავანდში ჩაწერილ ქართულ ანბანს აღამაღლებენ (მარცხენა მხრეს გამოსახულ წმინდანს ახლავს წარწერა `მლ~). რელიეფის გრაფიკულ მონახაზე კარგად ჩანს, როგორ ხაზგასმულად რეპრეზენტატიული, საზეიმო იერი აქვს ქართული ანბანის ამაღლების სცენას. დიდების შარავანდი გადახსნილი პერგამენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. სტელას მხატვრულ-სტილისტური და პალეოგრაფიული მკვლევარები, გურამ აბრამიშვილი და ზაზა ალექსიძე მიიჩნევენ, რომ ,,ასეთი იკონოგრაფიული თემა უჩვეულოა, რადგან ქრისტიანული იკონოგრაფია დასაშვებად თვლის მხოლოდ მაცხოვრის, ჯვრისა და ღვთისმშობლის ამაღლებას, რომელსაც იგი მეორედ მოსვლას, საშინელი სამსჯავროს იდეას უკავშირებს” [6]. ამის ანალოგია იოანე ზოსიმეს (X საუკუნის მწიგნობარი) მიერ 4-ჯერ გადაწერილი ქართული ენის სადიდებელი თხზულება ,,ქებადა დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ”. დაკავშირება რომ შემთხვევითი არ არის, ამას მოწმობს კიდევ ერთი ქართული ძეგლი _ ბრდაძორის სტელა (VI .), რომელზეც გამოსახულია იკონოგრაფიულ პრაქტიკაში არანაკლებ უჩვეულო თემა: ამაღლება და განდიდება სუდარაში გახვეული ლაზარესი. კავშირი ნათელია _ ,,სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“.

ანგელოზთა ზეაღმართული ხელებით და სამოსლის კონტურებით წარმოქმნილ სიბრტყეზე ამოკაწრულია ქართული ასომთავრული ანბანი, ტრადიციულ რიგზე განლაგებული 37 გრაფემა (,,ანიდან ,,ჰოემდე), სტრიქონთა სიგრძეების გამეორებით (7, 6, 5, 7, 6, 5, 1) ეს ქართული ანბანის უძველესი და, ამასთან, პირველი სრული ვერსიაა. ანბანში დაქარაგმებულია სამი ასო (, , ). დაქარაგმებული, ანუ პატივიანი გრაფემები კონტექსტის გარეშე სხვას არაფერს შეიძლება აღნიშნავდეს, თუ არა ციფრს. ეს ციფრებია 5000 (), 300 (), 20 (). რიცხვი 5320 კი არის ქართული ქორონიკონული წელთაღრიცხვის 532-წლიანი ციკლის მე-11 მოქცევის დასაწყისის მაუწყებელი და ქართული დასაბამითგანით გვაძლევს ძვ. . 284 წელს. ეს თარიღი კი მეფე ფარნავაზის მეფობის ხანას ემთხვევა (,,ქართლის ცხოვრებამისი მეფობის ხანას ძვ. წთ. IV-III სსის მიჯნით ათარიღებს, დაახლ. 334-269წწ.), მეფისას, რომელიც ქართული ანბანისა და ენის სახელმწიფოებრივად გამოცხადების ინიციატორად მიიჩნევა. ის რომ ქართლის სამეფო დინასტიის დამფუძნებელია, ქართული წყაროს გარდა, ძველი სომხური წყაროებიდანაც ჩანს (ფავსტოს ბუზანგი, სომხეთის ისტორია). რაც შეეხება II ცნობას, რომ ფარნავაზმა შექმნა ,,მწიგნობრობაÁ ქართული”, ზოგად ხაზებში სარწმუნო ჩანს და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაშიც პოულობს დასტურს, მაგრამ ეს განცხადება მაინც ფარნავაზის ისტორიული როლის გაზვიადების ცდას ჰგავს. ამიტომაც, ზემოხსენებული მოსაზრების გათვალისწინებით, რომ ქართულ მრგლოვანს ჰქონდა რაღაც საფუძველი, წინამავალი საფეხური და ის გადაიქცა კაპიტალურ დამწერლობად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დავათის სტელაზე წარმოდგენილი ქართული ანბანის სახის დამწერლობა ძვ. წთ. 284 წელს ფარმავაზმა სახელმწიფო დამწერლობად გამოაცხადა. ეს თარიღი ქართული ეროვნული წერლთაღრიცხვის დაფუძნების თარიღადაც არის მიჩნეული, რაც უდაოდ პრინციპული მნიშვნელობის ფაქტია.

უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფაქტია დავათის სტელას ცნობის დამთხვევა ,,ქართლის ცხოვრების” ერთი ხელნაწერის (_4730) კომენტართან, რომელშიც ქართული დამწერლობის შემოღების შესახებ ლეონტის ტრადიციულ ცნობასთან ერთად, დაცულია სათარიღო მაჩვენებელიც, რომელიც სრულად ასე იკითხება: ,,აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართული ადამს აქეთ ძღიბ წლიდან”. რამაზ პატარიძე წერს:    ,,ძღიბ~ 3712 . ნიშნავს. ახლა საჭიროაადამითგანს” ანუ ქართულ ,,დასაბამითგანს” გამოვაკლოთ ეს უკანასკნელი რიცხვი… 5604-3712=1892 ძვ. . ძველი წელთაღრიცხვით 1892 წელს არათუ ქართული ანბანი, საერთოდ, ანბანური დამწერლობა არ არსებობდა… ირკვევა, რომ ქრონოლოგიური კომენტარი საიდუმლო სათვალავადი, ანუ სათვალავადი კრიპტოგრაფიული ჩანაწერია ,,ქართლის ცხოვრებაში” ახ. . 1608 წელს.  1608-1892.=ძვ.. 284 . [7]. . პატარიძე ამ თარიღის მაკონტროლებლად იყენებს სხვა სათვალავად კრიპტოგრამებს `ქართლის ცხოვრების~ კონტექსტთან ერთად და დაასკვნის, რომ ყველა კრიპტოგრამა ერთ მიზანს ემსახურება: ქართული მწიგნობრობის შემოღების საიდუმლო თარიღად გამოცხადდეს ძვ. . 284 წელი [7].

,,ქართლის ცხოვრების” ხელნაწერისა და დავათის სტელას ამ ცნობათა დამთხვევა არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, თუმცა, საფუძვლიან მეცნიერულ დაზუსტებას მოითხოვს როგორც ერთი, ასევე მეორე ცნობის სანდოობა.  სტელას ეს წახნაგი ეკლესიის კედელში ჩაშენების დღიდან 1984 წლამდე  უხილავი იყო, ამიტომაც, ეჭვგარეშეა, 1608 წელს ვერავინ გამოიყენებდა ამ წყაროს.

დავათის სტელა სხვა ქრონოლოგიურ მონაცემსაც იძლევა. სტრიქონთა სიგრძეების გამეორებებში რამაზ პატარიძემ 532 წლიანი მოქცევების 28 და 19 წლიანი მზისა და მთვარის ციკლების ნაშთები დაინახა და შესაბამისად 7-ითა და 6-ით ამოიკითხა მე-12 მოქცევის 63- წელი _ ჩვ.წთ.-ით 311 წელი და ეს თარიღი, დავათის ქვაჯვარზე მოცემული კომპოზიციის შესაბამისად, წარმოგვიდგინა, როგორც ქართველთა მეფის, მირიანის მიერ ქართული ანბანისა და ენის აღორძინებისა და დამკვიდრების თარიღი [8].

პარალელების მოძიებით და, საბოლოოდ, დედუქციური მეთოდით ჩვენ წარმოგიდგენთ ქართული ეროვნული თვითგადარჩენისათვის წარმოებული ღონისძიებების  სქემატურ სურათებს:

    284 წელი ჩვ. წთ.-მდე _ ფარნავაზის იდეა;

    311 წელ ახ. . _ მირიანის იდეა;

    მე-6 საუკუნეში (?) _ დავათის სტელას შექმნის იდეა;

    მე-10 საუკუნეში _ იოანე ზოსიმეს იდეა;

    1978 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ _ დედაენის ძეგლადქცევის იდეა.

 

ეს თარიღები საქართველოს ძნელბედობის ჟამს ასახავს, დიდი მოსაბრუნი პუნქტებია ქართველი ერის ისტორიაში, სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის, სარწმუნოებრივი ორეიენტაციის, ეროვნული თვითმყოფადობის (იდენტობის) საკითხებს გვიჩვენებს სასწორზე დადებულს. ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები სწორედ ამ მოვლენათა მძაფრად გააზრების, შეგნების მაჩვენებელია.

ამ ყველაფრის შემდეგ ფრთხილი ვარაუდის სახით გვსურს, შემოგთავაზოთ ერთი ჰიპოთეზა. ქართული ანბანის განდიდების ქვეშ არაიზოლირებულად გამოსახულია ორი პირი (დონატორები?) საერო სამოსლით, მაგრამ გაურკვეველია, ვინ არიან და რა ღვაწლი მიუძღვით სტელასთან. კიტი მაჩაბლის აზრით, ,,ჩვენს წინაპართა ეს,, პორტრეტები”, მათი სქემატურობისა და ტიპის განზოგადების მიუხედავად, ატარებენ ეპოქის ნიშნების მნიშვნელოვან კვალსჩვენ ვხედავთ განზოგადებულ სახეებს იმ ფეოდალებისა, რომელთა შესახებაც მოგვითხრობს ძველი ქართული მაცნე: ,,…ეპყრათ უფლება ქართლისა აზნაურთა” [5]. მაგრამ ისეთი თვალსაჩინოა ქართული ანბანის განდიდების სცენასთან ამ პორტრეტების ურთიერთკავშირი, რომ, ბუნებრივია, ვიფიქროთ _ სტელას შემქმნელმა წარმოგვიდგინა ქართული ანბანის იკონოგრაფია მასში ფარნავაზ და მირიან მეფეების ზეობის თარიღების განცხადებით და ქვემოთ, მეორე ფრიზზე, გამოსახა თავად ეს მეფეები.

დავათის სტელას წარწერის პალეოგრაფიული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, მეტი სიზუსტით დავათარიღოთ იგი. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით არც ისე არქაული ჩანს. ,,ბანი” თავგახსნილია, არც ,,ვიე” არის ბოლომდე თავშეკრული, განსხვავებით ნეკრესის #3 და #7 წარწერებისაგან, რომლებსაც ბესიკ ხურცილავა V-VIII სსით ათარიღებს [9], მაგრამ ,,ყარი” აშკარად თავშეკრულია. ,,თანი” დავათის სტელაში განსხვავებულია ნეკრესის #3 წარწერის ,,თანი”-საგან, რომელსაც ნახევარწრეზე უფრო დიდი ზომის რკალი აქვს (V-VIII სსის წარწერების მსგავსად), ე.ი. უფრო არქაული ჩანს. მსგავსება თვალნათლივია სტელას პალეოგრაფიასა და ნეკრესის #5 წარწერას შორის. ორივეგან შეიმჩნევა ასო-ნიშანთა კუთხოვანი მოხაზულობისა და ,,დონი”-ს მაღალყელიანობის ფაქტები, რაც ორივე წარწერას IX-X სსთან ახლოს გვაგულვებინებს. ნეკრესის #2 წარწერაც, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვაა (,,ლევაკი”) მოცემული, ასოთა კუთხოვანი მოხაზულობით ხასიათდება. შეინიშნება ასო-ნიშნების მიდრეკილება განუსხურებისკენ, წარწერა შესრულებულია ასომთავრულიდან ნუსხურისკენ გარდამავალი ხელით. ეს ნიშნები კი, რაც დავათის სტელას მნიშვნელოვანი მახასიათებელიცაა, ლაპიდარული წარწერების სპეციალისტთა უმრავლესობის (. კეკელიძე, ივფ. ჯავახისვილი, . აბულაზე, . ხევსურიანი, . გარითი, . უტიე, . შანიძე) შეხედულებით, ძეგლებს ახ. . IX ზე ადრინდელი დროით არ ათარიღებს. საგულისხმოა, რომ ზემოთდასახელებული ორი წარწერის (დავათის სტელასა და ნეკრესის #2) დამახასიათებელი პალეოგრაფიული ნიშნები დიდ მსგავსებას პოულობს IX-X სს-ით დათარიღებულ ჭილეტრატის იადგართან.

სავსებით იდენტურია დავათის სტელასა და ნეკრესის #6 წარწერის პალეოგრაფიული მახასიათებლები: ორივეგან გვხვდება ქარაგმის ნიშნები (სწორი ხაზებით გამოხატული), ასოთა მოყვანილობაც ერთნაირია (,,ბანი” ორივეგან თავგახსნილია, ,,ჭარი” ქვედა რკალიც ღიაა ნეკრესის  წარწერაში უფრო მეტად), ,,რაე” მარჯვენა კაუჭი ტარის შუა ნაწილზე დაბლა აქვს მიდგმული ორივეგან და ..). ბესიკ ხურცილავა ნეკრესის ამ წარწერას (ქვევრის პირზეა ამოკაწრული) VII -ზე ადრინდელად არ მიიჩნევს, უფრო ზუსტად კი, IX-X სს-ით ათარიღებს. მისი აზრით, ეს წარწერა ქვევრის პირზეა თიხის გამოწვამდე დატანებული [9], ბედისა შავიშვილის ვარაუდით კი, იგი უძველესია სამეურნეო ნაგებობებზე არმოჩენილ წარწერათა შორის [10].

არც დავათის სტელასა და არც ნეკრესის წარწერებში არ გვხვდება კიდურწერტილოვანი და კიდურწაისრული დაწერილობის ნიმუშები, რომელთაც X -დან ვადასტურებთ ქართულ ლაპიდარულ წარწერებში.

. ხურცილავას გარდა, სავსებით ვეთანხმებით პროფ. გიორგი ოთხმეზურის შეხედულებას, რომ ნეკრესის წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი არ იძლევა მათი ძვ. . IV-ახ. . IV სს-ით დათარიღების საშუალებას [11], როგორც ლევან ჭილაშვილი ასკვნის თავის უკანასკნელ ნაშრომში ,,ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები” (2004 .).

საბოლოოდ, დავასკვნით, რომ დავათის სტელასა და ნეკრესის წარწერების შექმნა სავარაუდოა ერთ ვიწრო ქრონოლოგიურ ჭრილში. ეს არის ქრისტიანული ეპოქა.

ვფიქრობთ, ეს საკითხი კვლავ მოითხოვს საფუძვლიან მეცნიერულ ანალიზს.

 

მარიამ ბეჟიტაშვილი 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s